ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დისტრიბუციის მანქანა რვა წლის ბავშვს დაეჯახა.
დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ამბობს, ბავშვს აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, შუბლის წილის დაჟეჟილობა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა.
თვითმხილველების თქმით, ბავშვი ტროტუარზე მიდიოდა და ქუჩის ძაღლებმა შეაშინეს, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, სადაც მას მანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.