ზუგდიდში დევნილებმა წყალმომარაგების აღდგენის მოთხოვნით აქცია გამართეს
საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდში. თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ.
ისინი წყლის მიწოდების შეწყვეტას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, სამი დღეა, წყალი არ აქვთ, თუმცა მიზეზი არ იციან.
„ისედაც უვარგისია ეს წყალი და ახლა, მესამე დღეა, საერთოდ უწყლოდ ვართ. ყურადღებას არ გვაქცევენ. მივმართავთ პრემიერ კვირიკაშვილს, სახალხო დამცველს, ჩამოვიდნენ და მოგვაქციონ ყურადღება, გაარკვიონ, რა ხდება“, – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
20 000-ლარიანი დავალიანების გამო, დევნილებს წყლის მიწოდება რამდენჯერმე შეუწყდათ. მაშინ რამდენიმე მათგანი, უბნის მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა ყურაშვილთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდა. ჩილაჩავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება წყალმომარაგების კომპანიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დევნილთა დასახლების საკუთარ ბალანსზე აყვანის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხი უახლოეს დღეებში დაზუსტდებოდა, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის აიყვანს აღნიშნული კომპანია დასახლებას საკუთარ ბალანსზე.