ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, Studentjob.ge-ისა და HR hub-ის ორგანიზებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ ჩატარდა.
ორგანიზატორების განცხადებით, ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას. 20-მდე კომპანიამ არაფორმალურ გარემოში 100-მდე ვაკანსია წარადგინა. ადგილზე მისული ადამიანები დამსაქმებელებს ინდივიდუალურად ესაუბრებოდნენ და თავიანთ რეზიუმეს ტოვებდნენ.
„ზუგდიდი ჯობსის“ ფარგლებში მოეწყო წარმატების კუთხე. ღონისძიება ზუგდიდის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ გახსნა. ფორუმზე ისაუბრეს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის წარმომადგენლებმა და წარმატებულმა სტარტაპერმა. საუბარი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა დასაქმების პროგრამები, კარიერა, მოტივაცია, სტარტაპი და სხვა.
დასაქმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება მუსიკალურად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საბავშვო ბენდმა გააფორმა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ სექტემბერში გაგრძელდება.