რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება მოუთმენლად ელოდება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მიმართულებით, უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბოტანიკური ბაღი ექნება’“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენის თვალსაზრისით, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და შექმნის დამატებით იმპულსს რეგიონში ინვესტიციების მოსაზიდად.
ზურაბ ალავიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე ინარჩუნებს ბოტანიკურ ბაღში დაცულ იშვიათ მცენარეებს.
,,მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას, ვინც თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში“.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა.
სამინისტროს ინფორმაციით, გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება.
სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.