ზუგდიდში არასრულწლოვანის მძევლად აყვანის საქმეზე დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი წაუყენეს
ზუგდიდში არასრულწლოვანის მძევლად აყვანის საქმეზე დაკავებულ ცოლ-ქმარს ვ.ა-ს და ე.კ.-ს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
როგორც ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ზ” პუნქტებით წაუყენეს, რაც ადამიანთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვანის მძევლად აყვანას გულისხმობს და 9-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მისივე თქმით, არასრულწლოვანი ხშირად იმყოფებოდა ბრალდებულების ოჯახში, მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
ვ.ა. და ე.კ. 28 მაისს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.