ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა „ღირსების მარში“ და გიორგი გაბუნიას მონოლოგი გააპროტესტეს
ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით ისინი აპროტესტებენ თბილისში ლგბტ აქტივისტების მიერ ჩატარებულ „ღირსების მარშს“ და ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს.
„ჩვენ ვართ ლგბტ თემის წინააღმდეგი, გუშინ სასწაული ვიხილეთ საქართველოში. პარლამენტის წინ ფრიალებდა ლგბტ თემის დროშა. ეს არის ქართველი ერის შეურაცხყოფა, ეს არის ჩვენი ოჯახების შეურაცხყოფა. ჩვენ შვილები გვყავს, სად მივდივართ ხალხო? ეს ხალხი არის ქართველი ერის მტერი. მათ ჩვენი განადგურება უნდათ სულიერად, მაგრამ ალბათ არ გამოუვათ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, აფხაზეთის მთავრობის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ საჯაიამ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნას. ამასთან აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის მიუღებელია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ ეთერით გაკეთებული განცხადება.
„ჩვენი უძველესი კულტურის ერი ნულთან გაასწორა ამ კაცმა (გიორგი გაბუნიამ) თავისი ქცევით. თავისი სიტყვებით, თავისი სიბილწით“, – განაცხადა რამინ საჯაიამ.
აქციაზე იყვნენ საზოგადოება „ზუგდიდელი“, აფხაზეთიდან დევნილები, ზვიად გამსახურდიას მომხრეები, ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანები.