ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა, ოჯახების სია უკვე გამოქვეყნდა
ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა, ოჯახების სია უკვე გამოქვეყნდა

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა, სამეგრელოს რეგიონში, მძიმე კატეგორიის ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში 68 ობიექტი იხურება, რომლებიც, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევადია.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

„ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 55 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ, გადაეცემათ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 9, 10 და 11 დეკემბერს გაიმართება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში, დამატებით, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი ხუთი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართებს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.

„ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ დაიხურება.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ იხილეთ ბმულზე: https://idp.gov.ge/statement-29/“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.