ზუგდიდში ახალ კორონავირუსზე 78 ადამიანის კვლევის პასუხს ელოდებიან.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დღეს ახალ კორონავირუსზე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 78 ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდება.
გამოსაკვლევ პირთა შორის არის ქალბატონი, რომლის ორი შუალედური პასუხი კორონავირუსზე დადებითი და უარყოფითი იყო. 54 წლის ქალი დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით რუხის საავადმყოფოში 5 მაისს შეიყვანეს. თუ პასუხი უარყოფითი იქნა, აღნიშნული მოქალაქე იქნება რუხის საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი.
წინასწარი მონაცემებით, 78 ტესტიდან 17 რეგიონის სამედიცინო პერსონალია. 38 პირი კარანტინის სივრციდანაა, 11 – თვითიზოლაციიდან და 12 – ე.წ. ცხელების ცენტრებიდან.
ტესტების პასუხები, სავარაუდოდ, გვიან ღამით გახდება ცნობილი.