ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი 25 ოჯახი ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი სახლები დღეს მესაკუთრეებს სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მერთან, ლაშა გოგიასთან ერთად გადასცა.
ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან.
ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 129 ადამიანია, მათგან 7 პენსიონერი, 9 შშმ პირი და 56 ბავშვია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, პრიორიტეტული ოჯახები, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლინა. პროექტის განხორციელებისთვის წელს 500 000 ლარი შეადგინა.
„მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. 2015-2016 წლებში აშენდა 41 სახლი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 968 897 ლარი შეადგინა“, ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.