ზუგდიდში დადიანების სასახლეთა მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართავენ.
როგორც მათ აღნიშნეს, მაგალითად, გიდის ხელფასი 244-330 ლარს შეადგენს. მუზეუმის თანამშრომელთა განცხადებით, თუ 10 დღის ვადაში აღნიშნულ საკითხზე კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ, გაიფიცებიან.
თანამშრომლები მუზეუმის შესასვლელთან შეიკრიბნენ და მიმართვა გაავრცელეს. მათი განცხადებით, შესაბამისი უწყებებისთვის ხმის მისაწვდენად ყველა პლატფორმა გამოიყენეს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
როგორც მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში ინფორმირებული არიან და ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე, უცნობია, როდის შეიცვლება ხელფასების მხრივ ვითარება.