ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი - იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის ეპარქიებსა და ეკლესიებში გადანაწილებას საპატრიარქო უზრუნველყოფს
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის გადანაწილებას ეპარქიებსა და ეკლესიებში საპატრიარქო უზრუნველყოფს.
„დღეს თბილისში ჩამობრძანდება ცეცხლი და შემდგომ ყველა ეპარქიაში გადანაწილდება. ტექნიკურად ამას მოვიფიქრებთ და ისე გავაკეთებთ, რომ არ დავარღვიოთ კანონი და წესი და ისე მოვახერხოთ ყველა ეპარქიაში, ხოლო ეპარქიებიდან ეკლესია-მონასტრებში გადანაწილება. ამის ორგანიზებას საპატრიარქო გააკეთებს“, – აღნიშნა მეუფემ.
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი წელს მრევლის გარეშე სრულდება.
პანდემიის გამო, ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ ესწრება.
აღდგომის ტაძარში შესვლის უფლება სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენელს მიეცა.
ამასთან, წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს თვითმფრინავში საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან.
სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს საქართველოშიც. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.