ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი - ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციები
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა კვირას, დილის შვიდი საათიდან ჩატარდება, ღამისთევის მსახურება არ იქნება, რადგან ადამიანები ვერ მოახერხებენ მოსვლას, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ ზუგდიდის საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წირვის დაწყებამდე განაცხადა.
მიტროპოლიტ გერასიმეს თქმით, ღამისთევის წირვის ჩატარების დრო მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეიცვალა, რადგან მრევლი ვერ მოახერხებს ტაძარში მისვლას.
„ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, იცავს ყველანაირად ადამიანის უფლებებს, ადამიანების ჯანმრთელობას“, – აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
დამატებით შეზღუდვებს მეუფე გერასიმე არ უკავშირებს ეკლესიის პოზიციას.
„ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არა ეკლესიაში. ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციები“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ. მისივე თქმით, რაც შეეხება მრევლის ტაძრებში მისვლას, ამას ეპარქია ვერ უზრუნველყოფს.