ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის ადვოკატები დაკავებულებთან შევიდნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ე.წ. მოდულის შენობაში ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და მისი მოადგილის, გია გულორდავას ადვოკატები შევიდნენ.
როგორც ადვოკატებმა შენობაში შესვლამდე განაცხადეს, ისინი ჯერ არ იცნობენ საქმის მასალებს და შესაბამისად, არც ის იციან, თუ რას ედავებიან ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს.
„სულ რამდენიმე ხნის წინ ჩავერთეთ საქმეში, შესაბამისად, არ ვიცნობ საქმის მასალებს. გავესაუბრები ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, გავიგებ მის პოზიციას და გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა ლაშა გოგიას ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალდებულები რამდენიმე საათის წინ გადმოიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დღეს დააკავეს.