ზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა
ზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა

ზუგდიდის ყინულის სახლი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა.

ცერემონიალს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყინულის სახლი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ გახსნეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ არსებული ყინულის სახლის გასაბერ კონსტრუქციას ორ წელიწადში ექსპლუატაციის ვადა გასდის, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, ყინულის მოედნის ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა მოხდება.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ყინულის სახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოები ინვესტორმა უნდა უზრუნველყოფს. ახალი ყინულის მოედნის მოწყობა ე.წ. ,,სენდვიჩ პანელებით” უნდა მოხდეს, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს. ამჟამად ყინულის სახლის გასაბერი კონსტრუქციის შენახვა ადგილობრივ ბიუჯეტს წელიწადში 300 ათას ლარამდე უჯდება.

გახსნის ცერემონიალში ბათუმის ყინულის სახლის სპორტსმენებმა, მოცეკვავეთა დასმა და ქუთაისის ყინულის სახლის ჰოკეისტთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

პირველ მარტამდე ყინულის სახლში შესვლა უფასო იქნება, სოციალურად დაუცველი ოჯახები კი მომსახურეობას სხვა დროსაც გადასახადის გარეშე მიიღებენ.