ზუგდიდის სასწრაფო დახმარების 55 თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კორონავირუსზე კვლევებს განაგრძობს. ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ანაკლია-განმუხურის საკარენტინო სივრცის დატოვებამდე 24 საათით ადრე, 74 პირის ნიმუში აიღეს და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევებისთვის გადაგზავნეს.
ცენტრის მიერ რამდენიმე დღეა, კორონავირუსზე „პისიარ“ კვლევისთვის ბიოლოგიური ნიმუშების აღება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ზუგდიდის სამსახურში მიმდინარეობს.
დღეს ზუგდიდის სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების პერსონალის გამოკვლევები დასრულდა, ჯამში 70 ადამიანი გამოიკვილიეს, რომელთაგანაც 55-ს ვირუსი არ დაუდასტურდა. მიმდინარე კვლევის რეჟიმშია 15 პირის ანალიზი და შედეგი მალევე გახდება ცნობილი.
გარდა ამისა, ცენტრის მიერ განხორციელდა რუხის საველე ჰოსპიტლის პერსონალის კვლევები, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ადამიანების ჯანმრთელობის შესამოწმებლად 24-საათიან რეჟიმში მუშობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის 20 თანამშრომელი. კვლევის შედეგად ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჯამში „კოვიდ-19“-ზე 883 პირი გამოიკვლიეს. აქედან 385 სამედიცინო პერსონალია.