ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა განეხილათ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკრებულოს ცხრა პოლიტიკური თანამდებობის პირის იმპიჩმენტი.

სხდომა „ქართული ოცნების“ უხუცეს დეპუტატ კონსტანტინე უბერს უნდა წაეყვანა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე მივიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს, შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა.

სხდომათა დარბაზში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „ახლის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერიაც. სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პლაკატებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებდნენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 45 წევრიდან „ქართულ ოცნებას“ 20 წარმომადგენელი ჰყავს, იმპიჩმენტისთვის კი 23 ხმაა საჭირო.