ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ თავმჯდომარის პოსტზე მხარს ნიკა მელიას უჭერენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას უჭერს მხარს. ამის შესახებ ფრაქციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს, სხვა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ, თუ კანონმდებლობით რამე არ შეიცვალა.
მათი შეფასებით, არ არის სასიამოვნო ის პროცესები, რაც ახლა პარტიაში მიმდინარეობს, თუმცა მათ სურთ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება და დასავლური გზაა.
ამასთან, ფრაქციის წევრებმა კომენტარი გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ“. ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, „მელიას ასეთი საკითხებისთვის არ სცალია“.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას, ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მერაბიშვილს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.