ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი - „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დავიწყეთ გამოძიება
ქალაქ ზუგდიდში გამსახურდიას გამზირზე „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაწყებული იქნა გამოძიება, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, – ამის შესახებ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შემოსაზღვრულ იქნა ადგილი და პოლიციური ღონისძიებების მშვიდად ჩასატარებლად მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ფაცაციამ.
ამასთან, შსს-მ „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
მათი ცნობით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.
„პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.