ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 25 მარტიდან შეძლებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 25 მარტიდან შეძლებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 25 მარტიდან, სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას შეძლებენ.

კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, საბავშვო ბაღებისთვის პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ.

„პროდუქტის გაცემის დროს დაცული იქნება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომები. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები, შედგება გაცემის გრაფიკი, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა ახლო ფიზიკური კონტაქტი. საბავშვო ბაღებში უკვე ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები“, – აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველ აპრილამდე გადაიდო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სულ 4 172 აღსაზრდელი ირიცხება.