ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მამა-შვილი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ოკუპირებული გალიდან დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოჰქონდა, მამა კი მას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ელოდებოდა. არსებული ინფორმაციით, ისინი პოლიციას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც მათი მისამართით განხორციელდა სროლა.
დაჭრილი მამა-შვილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ნივთმტკიცებად ამოღებულია უაქციზო სიგარეტი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის განცხადებით, დაჭრილებს სათანადო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
„ახალგაზრდა მამაკაცი ახლობლების მიერ იქნა შემოყვანილი. მას აღენიშნებოდა ჭრილობა ხერხემლის არეში. პაციენტის მდგომარეობა იყო შოკური. გაეწია სათანადო დახმარება, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა კრიტიკულ განყოფილებაში. დადგინდა გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩებისა და წვეტიანი მორჩის ფრაგმენტული მოტეხილობა. მეორე პაციენტი 112-ის ჯგუფმა შემოიყვანა ორი საათის შემდეგ. მას აღინიშნებოდა ექსკორიაციები თავისა და სახის არეში, ასევე ცეცხლნასროლი ჭრილობა ტერფის მიდამოში. ჩაუტარდა სათანადო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა.
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის დედა უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი შვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოდიოდა.