ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ბიუჯეტი ქალაქის საჭიროებებზე მეტად თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებულ ადამიანებზეა მორგებული.

„21 მილიონი სახელფასო ფონდისთვის არის განკუთვნილი, რაც ბიუჯეტის ნახევარია. აღნიშნული თანხა „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაფინანსებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა სხდომის დატოვებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა ადამიამ.

ოპოზიციური პარტიის წევრს ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ უპასუხა: „მერიას გააჩნია ააიპ-ები, სერვისული ორგანიზაციები, რომელთა ანაზღაურებაც ყოველთვის მეტია“.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, ბათლომე შელიას, მისი თქმით, სხდომის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ 3 დეკემბერს გამართული აქცია ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას კაბინეტში დაიგეგმა. ჩვენ სწორედ ამიტომ არ დავუჭერთ მხარს ამ ბიუჯეტს“, – აღნიშნა ბათლომე შელიამ.

2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია –  მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, განათლების სფერო – საჯარო სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მატერიალურ ტექნიკური ბაზა საგანმანათლებლო დაწესებულებებში,  კულტურა და სპორტი – ახალგაზრდული პროგრამები, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, თავდაცვა.

შარშან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 34. 5 მილიონი იყო, 2020 წელს 6. 5 მილიონი დაემატა.