ზუგდიდის მერი - თუ გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართში გადავლენ, სამი თვე გადასახადებს არ გადაიხდიან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარემოვაჭრეების გაფრთხილების შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ზუგდიდის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართს საკოლმეურნეო ბაზარსა და სხვა ადგილებში სთავაზობს, სადაც მოვაჭრეები სამი თვის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადებისგან გათავისუფლებულები იქნებიან.
გოგიამ ასევე აღნიშნა, რომ გარემოვაჭრეები მერიის შესაბამისმა სამსახურებმა არაერთხელ გააფრთხილეს.
როგორც ზუგდიდის მერმა განაცხადა, მოლაპარაკებები გრძელდება და ტერიტორიის გათავისუფლება მოვაჭრეებისგან ძალადობრივი გზით არ მოხდება.
შეგახსენებთ, ზუგდიდში გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეები ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.