ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას.
წოწერიას თქმით, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზუგდიდელებს, მათ მხარდამჭერებს, რომლებიც შეკრებილი იყვნენ მე-20 საარჩევნო უბანთან, სეპარატისტები უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, მანამდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. ასევე მისი თქმით, წოწერიას მხარდამჭერებმა მას ჰკითხეს, რატომ ჩამოვიდა ქვემო ქართლიდან დამკვირვებლად. მუმლაძის განცხადებით, ამ კონკრეტული ჯგუფის განცხადება მიიჩნია სეპარატისტულად და ამიტომ უწოდა იმ კონკრეტულ ჯგუფს, წოწერიას მხარდამჭერებს სეპარატისტები და არა ზოგადად ზუგდიდელებს.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა ხუთი პირი დააკავეს, მათ შორის არიან „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. პოლიციამ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.