ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში გააცნო
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი საქმიანობის ანგარიში გააცნო. პარლამენტარმა ისაუბრა ზუგდიდელებისთვის საჭირბოროტო თემებზე: აზიური ფაროსანა და მასთან დაკავშირებული პრობლემები, დევნილები, მოუწესრიგებელი პარკირება, გადათხრილი გზები. მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ქალაქში დღემდე პრობლემაა პარკირების საკითხი და ამ მიმართულებით მეტია სამუშაო, რომ საზოგადოების მოთხოვნა ევროპული სტანდარტების სისტემის ფორმირებაა, რაც ამ ეტაპზე კვლავაც გამოწვევად რჩება.
მერაბ ქვარაიამ მიუსაფარ ცხოველთათვის თავშესაფრის მოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ საკითხზე ზუგდიდში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ და ამ კუთხით გარკვეული სახის სიახლე აქვთ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კითხვებსაც უპასუხა.
„სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი რუსუდან პაჭკორია დაინტერესდა დევნილთა სამინისტროს უფლება-მოვალეობების სამი უწყებისთვის გადანაწილების საკითხით და ამ ყველაფერზე მაჟორიტარის მოსაზრებით, თუ რამდენად ეფექტურად და უმტკივნეულოდ მოხდება კომპეტენციების გადაცემა. პარლამენტარმა განმარტებით, საკომიტეტო მოსმენებზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, და რომ მთავარი აზრი ამ ცვლილებების მცირე მთავრობის ფორმირებაა ნაკლები დანახარჯებით.
საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენლის, მურმან ნაჭყებიას თქმით, ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებში მნიშვნელოვანია განადგურებული ქარსაცავი ზოლების აღდგენა, ასევე ხილით უხვმოსავლიან სოფლებში გლეხების ხელშესაწყობად ცივილური სისტემის ამოქმედება, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ხილის მიღება-გადამუშავებას, ასევე ჯემების, მურაბების, წვენების წარმოება-რეალიზებას. პასუხად მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ყველა ამ საკითხს ჩაინიშნავს და შესაბამისი კომპეტენციის პირებთან და უწყებებთან განიხილავს.
დეპუტატმა ისაუბრა მის საპარლამენტო საქმიანობაზეც და იმ კანონპროექტებზე, რომელთა შემუშავებაში თვითონაც მონაწილეობდა.
„ეს შეხვედრები გაგრძელდება, ექნება სისტემატური ხასიათი და ჩვენ ასე ერთობლივად ვიმუშავებთ თითოეულ საკითხზე, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს“, – განმარტა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.