ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 24 ტესტი ჩატარდა.
ამ ტესტებს შორის იყო რუხის საავადმყოფოს ხუთი პაციენტის შუალედური ანალიზები, რომელთაგან სამსაც კორონავირუსი კვლავ აღმოაჩნდა. ეს სამი პაციენტი არის ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან. ისინი აგრძელებენ შესაბამის მკურნალობას.
ამასთან, ტრაილერის კლასტერის ერთ წარმომადგენელს შუალედური ტესტით კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, თუმცა ის მაინც არ მიიჩნევა გამოჯანმრთელებულად და ანალიზი კვლავ უნდა ჩაუტარდეს.
კიდევ ერთ პაციენტს კი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მეორე ტესტმაც „კოვიდზე“ უარყოფითი პასუხი უჩვენა და ის გამოჯანმრთელებულად ითვლება.