ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 49 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
უკვე 26 დღეა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 49 ტესტი ჩატარდა და ყველაზე პასუხი უარყოფითია.
49 ნიმუშიდან ცხელების ცენტრების პაციენტი იყო 12, საკარანტინო სივრციდან იყო ერთი, თვითიზოლაციიდან ორი, ხოლო 34 ნიმუში ფოთის საბაჟოს პერსონალის იყო.
რუხის მულტიფუნქციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, რომ გამოკვლეულ პირებს შორის ხუთი ე.წ. ტრაილერის მძღოლი იყო. ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის პასუხი უარყოფითია. ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, უკვე სატვირთოების 20 მძღოლი გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მათგან ოთხი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. ოთხივე 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერიდან არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უახლოეს დღეებში ყველას ჩაუტარდება განმეორებითი შუალედური ტესტირება კორონავირუსზე.