ზუგდიდის ლაბორატორიაში 96 მოქალაქის, მათ შორის 80 მედიკოსის ნიმუშები გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე დღეს გამოკვლეულ 96 მოქალაქის პასუხები უარყოფითია. გამოკვლეულთა შორის იყო 80 მედიკოსი – ზუგდიდისა და წალენჯიხის სასწრაფო დახმარების, ასევე აფხაზეთიდან დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლები.
16 მოქალაქის ტესტი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან და რეგიონის ცხელების ცენტრებიდან შევიდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 135 ბიოლოგიური მასალა შევიდა. დარჩენილი პაციენტების ბიოლოგიური მასალის კვლევა ხვალ დილიდან განახლდება.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა, „კოვიდ-19“-ზე პისიარკვლევები ტარდება. გამოკვლეულია 300-დე პირი. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს საკარანტინო ზონებში მყოფი ადამიანები, ასევე ცხელების კლინიკების პაციენტები და მედიკოსები.
ლაბორატორია სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ტესტირება ჯარისკაცებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ.