ზუგდიდის ლაბორატორიაში 29 მოქალაქე, მათ შორის, 13 მედიკოსი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ლაბორატორიაში 29 მოქალაქე, მათ შორის, 13 მედიკოსი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 29 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს ახალ კორონავირუსზე. ყველა პასუხი უარყოფითია.

29 ადამიანიდან 13 ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსა და სენაკის ცხელების ცენტრის მედპერსონალი იყო. დანარჩენი 16 მოქალაქე სხვადასხვა ცხელების ცენტრიდან და საკარანტინო სივრციდან იყო.

„საბედნიეროდ, ისევ დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ სამეგრელოს რეგიონში. დღეს გამოვიკვლიეთ 29 პაციენტი, მათ შორის იყო 13 მედპერსონალი ინფექციური საავადმყოფოდან და სენაკის ცხელების ცენტრიდან. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ასე გადანაწილდნენ: ყველაზე მეტი იყო რუხის საავადმყოფოდან, კლინიკა „ენელაი“-დან და სენაკისა და ხობის ცხელების ცენტრებიდან. ჩვენს ლაბორატორიაში, ამ წუთის მონაცემებით, უკვე გამოკვლეულია 100-მდე ადამიანი“, – ზუგდიდის აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

ხვალიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო სრული დატვირთვით შეუდგება ტესტების გამოკვლევას და კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ ჯარისკაცებსა და ჟურნალისტებსაც.