ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის ღვთისმსახურება გაიმართა
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა. საშობაო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.
მეუფე გერასიმემ ქრისტეშობის დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს მიულოცა.
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება, – ამ საგალობლით ახარეს ანგელოზებმა კაცობრიობას უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ბეთლემში შობა. ჩვენც გვინდა, სულითა და გულით მოგილოცოთ ეს დიდებული დღესასწაული, განსაკუთრებულად – ჩვენს სულიერ შვილებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თითოეული ჩვენგანის გულში უნდა იშვას უფალი, ჩვენი იესო ქრისტე, რათა ერთითა გულითა და ერთითა პირითა ვადიდებდეთ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. უფალმა მშვიდობა დაამკვიდროს საქართველოში, მთელ მსოფლიოში. ინებოს ღმერთმა, რომ სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით ვცხოვრობდეთ. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა 2014 წლიდან იმართება.
საშობაო ღვთისმსახურება სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.