ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექვსი პაციენტი იმყოფება, ოთხის სინჯებზე პასუხს დღეს ელოდებიან
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექვსი პაციენტი იმყოფება, მათგან ოთხი ცხელებითა და ხველებით გუშინ საღამოს შეიყვანეს. ახალ ოთხ პაციენტს შორის ჩვილიც არის.
ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ოთხივე პაციენტის სინჯები გაგზავნილია და პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. ოთხივე ერთი ოჯახის წევრია, ისინი 19 მარტს ჩამოვიდნენ თურქეთიდან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის თქმით, მათ მკურნალობა შესაბამისი გაიდლაინებით უტარდებათ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც ლალი დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე დამაკმაყოფილებელია 67 წლის მამაკაცის მდგომარეობაც, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
ამასთან, ექიმის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს ერთი პაციენტი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ინფექციურში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მას ერთხელ უკვე ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. ახალგაზრდა მამაკაცს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.