ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გამოკვლეული ოთხი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ განაცხადა.

ოთხივე პაციენტი ერთი ოჯახის წევრია. ისინი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს. მათ ცხელება და ხველა აღენიშნებოდათ. პაციენტებს შორის ერთი მცირეწლოვანია.

პაციენტები 19 მარტს დაბრუნდნენ თურქეთიდან და ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, ის მკურნალობას განაგრძობს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხუთი საკარანტინო სივრცეა მოწყობილი – სამი ანაკლიაში და ორი მესტიის მუნიციპალიტეტში.

რეგიონში 409 პირი რჩება თვითიზოლაციაში. 180-მა დაასრულა თვითიზოლაციის პერიოდი, ხოლო 109 ადამიანი კარანტინში იმყოფება.