ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 67 წლის მამაკაცი დატოვებს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 67 წლის მამაკაცი დატოვებს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან ის ხვალ გაეწერება.

ამჟამად კლინიკაში მკურნალობას გადის ერთი პაციენტი, 50 წლამდე ქალბატონი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს.

მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება იზოლაციაში მყოფ პირებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა.

დღევანდელი მონაცემებით, თვითიზოლაციაში 139 ადამიანი რჩება.

720 ადამიანს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.

ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში რეგიონის მკვიდრი 285 ადამიანია გადაყვანილი.

ამასთან, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 71 ადამიანი იმყოფება.