ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი მოქალაქე შეიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ახალ პაციენტებს ცხელება და ხველა აღენიშნებათ. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.
ოთხივე მოქალაქე ერთი ოჯახიდან არის, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალ კორონავურსზე კვლევის მიზნით, მათი სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გაიგზავნება.
რაც შეეხება საკარანტინო სივრციდან ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში გუშინ ღამით შეყვანილ პაციენტს, მისი მდგომარეობაც სტაბილურია, არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, თუმცა რჩება დაკვირვების ქვეშ.
ამასთან, ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 67 წლის მამაკაცი მკურნალობს. მასაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ახალი პაციენტების შემთხვევა აღნიშნულ პაციენტს არ უკავშირდება. ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.