ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკიდან რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებას დაპირისპირება მოჰყვა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში ცხრა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის ექიმები, რეგისტრატორი, მოლარე და ლაბორანტი.
გათავისუფლებულმა პოლიკლინიკის დირექტორისგან მოითხოვეს განმარტება, თუ რის საფუძველზე გაუშვეს სამსახურიდან, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია ნეპოტიზმსა და კლანურ მმართველობაში დაადანაშაულა ენმ პოლიტსაბჭოს წევრმა ანი წითლიძემ, რომელიც გათავისუფლებულთა მხარდასაჭერად მოვიდა.
პოლიკლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ ცხრა გათავისუფლებულიდან, ხუთს აქვს საყვედური ან გაფრთხილება, მათ არ დააბრუნებს, ხოლო ოთხს შესთავაზა, დაელოდონ ფინანსური პრობლემების მოგვარებას.
პოლიკლინიკა სხვადასხვა გადაცდომების გამო, საერთო ჯამში 80 ათასი ლარით არის დაჯარიმებული. სამსახურიდან გათავისუფლებულები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.
მათი პრობლემების შესწავლა უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“.