კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
ამჯერად, ბაზრის მიმდებარე და შიდა ტერიტორიის დეზინფექცია ჩატარდა.
პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.
„ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზინფექციო სამუშაოებს და პრევენციულ ღონისძიებებს. დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა ბაზრის მიმდებარე და შიდა ტერიტორიებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ვირუსის გავრცელების რისკი. რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს უწევს ზედამხედველობის სამსახური“, –აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის მერმა მოუწოდა მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
სადეზინფექციო სამუშაოები ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“, ა(ა)იპ „ზუგდიდასუფთავების ცენტრმა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცენტრალურ ქუჩებსა და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.
დეზინფექცია ჩაუტარდება საჯარო სკოლის ტრანსპორტსაც.
დღესვე გაიმართა ოპერაციული შტაბის სხდომა. სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს, ასევე მოისმინეს ინფორმაცია აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობისა და რეგულაციების გამკაცრების შესახებ.