ზუგდიდის 39 საჯარო სკოლასა და ერთ კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 39 საჯარო სკოლასა და ერთ კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახა ფარცვანიას თქმით, ყველა სკოლაში მოწყობილია დეზობარიერი, მოსწავლეებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო ხსნარებით ხელების დამუშავება ხდება. მისი თქმით, დღეს 13 ათასამდე ბავშვი წავიდა სკოლაში და აღნიშნა, რომ არც ერთ სკოლაში საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარებულა.
როგორც ფარცვანიამ განაცხადა, იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა დიდია, სკოლები ორცვლიან სწავლებაზე გადადიან. რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოსულ ბავშვებს, ვინც წინასწარ გადმოვიდა, უკვე გაიარეს კარანტინი და სკოლებში მივიდნენ, თუმცა არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომელთაც საკარანტინო ვადა ჯერ არ გასვლიათ.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა პირველკლასელს უკვე გადასცეს ბუკები და სახელმძღვანელოები, უფროსკლასელებს კი სახელმძღვანელოები სკოლებში დღეს დახვდათ.
ამასთან, ფარცვანიას განცხადებით, ქალაქის 12 საჯარო და ექვს კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს დაიწყება, თუმცა დისტანციური სწავლა ყველა სკოლაში დღეიდან დაიწყო.