ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე ავარიისას ორი ადამიანი დაიღუპა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე ავარიისას ორი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ზედაეწერის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

სვანეთიდან მიმავალი „ემელის“ მარკის ავტომანქანა სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა, რომლის შედეგადაც მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„კლინიკაში ორი პაციენტი შემოიყვანეს. ქალს აღენიშნება​ პოლიტრავმა, ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

შუახნის მამაკაცს აღენიშნება გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ხერხემლის დახურული ტრავმა, წელის მეოთხე მალის მოტეხილობა. უტარდებათ შესაბამისი კვლევები“, – განაცხადა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.