ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი მაისში გამოცხადდება. ამის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გზების დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
გზის მონაკვეთი სოფელ ახალკახათთან იწყება და ანაკლიის მიმართულებით სოფლებს, დარჩელს და კიროვს კვეთს.
სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 10,559 მილიონი ლარია, შესრულების ვადა კი 9 თვე.
გზების რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მონაკვეთზე იგეგმება. მათ შორის ტყიბული-სოჩხეთი-ორპირის გზაზე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე (წალკა-ნარდევანი) და ბაღდათი-აბასთუმნის გზის მონაკვეთზე. ყველა მათგანზე სამშენებლო ტენდერი მაისში გამოცხადდება.