დღეიდან, 11 დეკემბრიდან „ტელესკოლის“ ეთერში ახალგაზრდული პროექტი #Zთაობა იწყება. გადაცემა ყოველ შაბათს, 22:00 საათზე იქნება ეთერში.
პროექტი #Zთაობა არის სატელევიზიო სივრცე ახალგაზრდებისათვის, სადაც მსჯელობენ საინტერესო თემებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე.
გადაცემა რამდენიმე საინტერესო რუბრიკას აერთიანებს: ლუკა კალატოზის კიბერსივრცეს, სადაც სტუმარი ბლიცინტერვიუს დროს თავად ირჩევს ვიდეო თამაშს; გიორგი-ნიკოლას გოგელიძის რუბრიკას, რომელიც მაყურებელს ახალგაზრდა და გამორჩეულად ნიჭიერ ადამიანებს აცნობს; ელენიკო რუხაძის, იგივე ელენიკო ფოქსის რუბრიკას რჩევებით, რომელიც საინტერესო გამოწვევებით ეხმიანება გადაცემის მთავარ თემას.
სტუდიის მთავარი მასპინძელი მემე ჟორდანია იქნება. გადაცემას მუსიკალურად აფორმებენ მუსიკოსები: ლევან კემულარია, სანდრო ბიბი კვაჭაძე, ჯონი თითირაშვილი და დავით ბარნაბიშვილი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანაა, ყველა ასაკის აუდიტორიისთვის საინტერესო და თანამედროვე იყოს. დასახულ ამოცანებს შორისაა, შეიქმნას სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდა შემოქმედთათვის, მედიაპროდუქტების შემქმნელთათვის და არხმა ახალგაზრდა აუდიტორიას მუდმივად განახლებული პროგრამირება შესთავაზოს.
2020 წლის დასაწყისში, როდესაც კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი გადაიდო, საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც გახდა საგანმანათლებლო პლატფორმა – სასკოლო, შემეცნებითი პროგრამებით.