ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის ახალი სტანდარტები დგინდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის გაუქმება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონებში შედის.
ცვლილებების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მხოლოდ ავტორიზაციის ვალდებულება ექნებათ.
მთავრობა განმარტავს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, დღეის მდგომარეობით, ქმედითი მექანიზმი არ არის. მათი ცნობით, აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია.
„ამჟამად, საქართველოში აკრედიტებულია მხოლოდ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორი საგანმანათლებლო პროგრამა. სხვა დაწესებულებების პროგრამების ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტით ფასდება მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე. ამდენად, დღის წესრიგში კანონიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე არსებული ჩანაწერების ამოღება დადგა“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ამავე ცვლილებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დგინდება და ის შეეხება: სკოლის ფილოსოფიას, სასკოლო კურიკულუმს, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და მოსწავლეთა მხარდაჭერას.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი სტანდარტები ზოგადი განათლების სპეციფიკას გაითვალისწინებს და შესაბამისობაში იქნება ახალი სკოლის მოდელის კონცეფციასთან, გაძლიერებულ აქცენტს გააკეთებს დაწესებულების მენეჯმენტსა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხზე. სასწავლო კურიკულუმის, როგორც შეფასების ცალკე კომპონენტის დანერგვით, აღარ არსებობს აკრედიტაციის აუცილებლობა, რადგან აკრედიტაციის ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობა სწორედ სასწავლო პროგრამებისა და მათი განხორციელების პროცესის შეფასებას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.