ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს მსჯელობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
უახლოეს დღეებში მინისტრი სამუშაო შეხვედრას გამართავს საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, რომლებთანაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს. ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.