მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმებისას, უკრაინაში რამდენიმე თანამდებობის პირს უფლებამოსილება შეუჩერდა
უკრაინის სასაზღვრო სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს, უფლებამოსილება შეუჩერდა რამდენიმე თანამდებობის პირს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უწყების სპიკერზე ანდრეი დემჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ნამდვილად აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას. მიმდინარეობს უკრაინიდან მისი გასვლის გარემოებებისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტის გამოძიება. დეტალურად მოწმდება ინფორმაცია, თუ რანაირად გავიდა ის უკრაინის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა „უკრაინსკაია პრავდასთან“.
დემჩენკოს განცხადებით, ამ მომენტისთვის უწყების სამხრეთი რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობიდან რამდენიმე თანამდებობის პირს გამოძიების მიმდინარეობისას და მისი შედეგების გამოტანამდე შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება.
მედიასაშუალების კითხვაზე, დაფიქსირებულია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ ამგვარი ინფორმაცია კონფიდენციალურია.