ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის დასრულება გამოაცხადა #1TVSPORT
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის დასრულება გამოაცხადა #1TVSPORT

შვედური ფეხბურთის ლეგენდამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერა დაასრულა. 41 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ „მილანისა“ და „ვერონას“ მატჩის შემდეგ გამოაცხადა.

„სუნთქვა მიჭირს, მაგრამ ყველაფერი წესრიგშია. ძალიან ბევრი მოგონებაა „სან სიროზე“… მან თავიდან სიყვარული მაჩუქა, შემდეგ კი – ბედნიერება…

მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობას ვუხდი ჩემს მეორე ოჯახს – მოთამაშეებს, მწვრთნელს, პერსონალს, მენეჯერებს. დაბოლოს, მთელი გულით გემადლიერებით თქვენ, გულშემატკივრებს.

მოვიდა დრო გამოვეთხოვო ფეხბურთს, მაგრამ არა – თქვენ“, – განაცხადა „მილანის“ ფორვარდმა.

ზლატანმა პროფესიული კარიერა 1999 წელს დაიწყო. „მილანის“ გარდა, ის თამაშობდა „მალმიოში“, „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ბარსელონაში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლოს ანჯელეს გელაქსიში“.

კარიერის განმავლობაში ფორვარდმა 34 ტიტული მოიგო: 4 „აიაქსში“, 2 „იუვენტუსში“ (მოგვიანებით, ეს ტიტულები გააუქმეს „კალჩოპოლის“ სკანდალის გამო), 5 „ინტერში“, 5 „ბარსელონაში“, 3 „მილანში“, 12 „პარი სენ-ჟერმენში“ და 3 „მანჩესტერ იუნაიტედში“.

იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში 122 მატჩი ჩაატარა და 62 გოლი გაიტანა.