ზიგმარ გაბრიელი - თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებას ნაწილობრივ მაინც შეასრულებს, სანქციები უნდა შეუმსუბუქდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, რუსეთს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები უნდა შეუმსუბუქდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის პირველმა დიპლომატმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.
„ილუზიაა ვიფიქროთ, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს. თუმცა თუ რუსული ჯარი და ჯავშანტექნიკა უკრაინის ტერიტორიას საბოლოოდ დატოვებს, ხოლო გაეროს მშვიდობისმყოფელებს დონბასში მონიტორინგის საშუალება მიეცემათ, მაშინ ევროკავშირმა საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა შეამსუბუქოს“, – განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.
რამდენიმე საათით ადრე კი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მან ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააძლიერონ იმ მიზნით, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმება შეასრულოს.
მინსკის შეთანხმებას 2015 წელს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ოთხ სუბიექტს ე.წ. ნორმანდიულ ოთხეულს (უკრაინა, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი) შორის გაფორმდა. შეთანხმება რუსეთს დონბასიდან ჯარისა და ჯავშანტექნიკის გაყვანას ავალდებულებს, რაც მოსკოვს ამ დრომდე არ შეუსრულებია.