ზღვის ციცქნა ჭიები, რომლებიც ოკეანის არსებათა შორის ყველაზე მაღალ ხმებს გამოსცემენ
16:35, 15.07.2019
როცა მაღალი ხმის შესახებ ფიქრობთ, პირველ რიგში ალბათ სმენის დამხშობ შემაძრწუნებელ ყვირილს წარმოიდგენთ. მაგრამ ვერაფრით იფიქრებთ, რომ ასეთი ხმის გამოყოფა 29-მილიმეტრიან ზღვის ჭიას (Leocratides kimuraorum) შეუძლია.
როდესაც კიოტოს უნივერსიტეტის ბიოლოგმა რიუტარო გოტომ და მისმა კოლეგებმა ამ რგოლოვანი ჭიების მიერ წარმოქმნილი ხმები გაზომეს, მაჩვენებელი 157 დეციბელი აღმოჩნდა. შედარებისათვის, ადამიანებს მხოლოდ 10 დეციბელზე დაბალი ხმების აღქმა შეგვიძლია, დაახლოებით 130 დეციბელის ხმა კი მტკივნეული და ყურისთვის საზიანოა.
როგორც კვლევაში წერია, ცოტათი დიდი სიმძლავრის ხმებს გამოსცემენ კრევეტები, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბიოლოგიური ხმები აქვთ ზღვის ბინადართა შორის.
კრევეტების ეს სახეობა (Synalpheus paraneomeris) მსხვერპლის წინააღმდეგ 189 დეციბელს გამოყოფს; ასეთ ხმას მინის ჩამსხვრევაც შეუძლია.
მკვლევართა განცხადებით, აქამდე უცნობი იყო, რომ ასეთი მაღალი ხმის წარმოქმნა რბილი სხეულის მქონე არსებებსაც შეეძლოთ.
მათი აზრით, მაღალი ხმის წარმოქმნა პირით სწრაფი თავდასხმის შედეგი უნდა იყოს, გარდა ამისა, ეს მახასიათებელი მათ შესაძლოა, სახეობათშორის კომუნიკაციაშიც ეხმარება.
მეცნიერთა ვარაუდით, ასე მაღალ ხმას ეს ჭიები სქელი ფარინგეალური (ხორხის) კუნთების გახსნის შედეგად წარმოქმნიან.
აღსანიშნავია, რომ ეს არსებები ბოლო წლებში აღმოაჩინეს და მათი პირველი სამეცნიერო დახასიათება 2017 წელს მოხდა.