ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კულტურის სამინისტრომ სარეკომენდაციო საბჭოს სამი კანდიდატურა, სენაკის თეატრში კი ორი კანდიდატურა წარუდგინა
ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კულტურის სამინისტრომ სარეკომენდაციო საბჭოს სამი კანდიდატურა, სენაკის თეატრში კი ორი კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა – რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა, სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში კი ორი კანდიდატურა – მსახიობი კახაბერ მიგინეიშვილი და რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბჭო ვალდებულია, მისთვის კანდიდატების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატები.

„ინფორმაციისთვის, ზესტაფონის და სენაკის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს ახალი დებულება. დებულების თანახმად, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში კონკურსს აცხადებს კულტურის სამინისტრო, ხოლო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

დებულების თანახმად, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს სამ კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსთვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრებიდან, 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 2022 წლის პირველ იანვარს ამოეწურა. აქედან გამომდინარე, 2021 წლის დეკემბრიდან კულტურის სამინისტრომ სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი უკვე 15 თეატრში გამოაცხადა.

მიმდინარე წლის 12 იანვარს, კონკურსის შედეგად, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ვასილ ჩიგოგიძე, ხოლო გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელად ნიკოლოზ საბაშვილი დაინიშნენ. აღნიშნული პირები თეატრის ხელმძღვანელის პოზიციას „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოთხი წლის ვადით დაიკავებენ. ამასთან, კულტურის მინისტრმა, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ, დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ოთხი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები: რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რობერტ სტურუა, ხოლო გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ავთანდილ ვარსიმაშვილი დაინიშნენ“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.