''ზესტაფონი'' ექსკლუზიურად 1-ელ არხთან ადასტურებს – ჩემპიონატში დაბრუნებაზე სფფ-სთან კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს
გავრცელებული ხმების მიხედვით, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მესვეურები კლუბის საფეხბურთო ლიგა 2-ის გათამაშებაში დაშვებას ითხოვენ და უახლოეს დღეებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი, სხვა საკითხებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საკითხსაც განიხილავს.
2015 წლის 19 აპრილს, “ზესტაფონი”-“დილას” შორის ჩაშლილი შეხვედრის მეორე დღეს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომამ “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონატიდან მოკვეთა და პირველ ლიგაში დააქვეითა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას კლუბის მეპატრონე ილია კოკაიამ “ზესტაფონის” დაშლით უპასუხა.
მას შემდეგ წელიწადნახევარი “ზესტაფონი” დაშლილი იყო და მხოლოდ წლეულს აღადგინეს, ოღონდ, 17-წლამდელების გუნდი, რომელიც “ოქროს ლიგის” გათამაშების ლიდერია.
რეალურია თუ არა გუნდის ჩემპიონატში დაბრუნება? ამ საკითხზე “ზესტაფონის” წარმომადგენელმა პირველი კომენტარი 1-ელ არხთან გააკეთა:
“2015 წლის 20 აპრილის, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღეს და “ზესტაფონი” საქართველოს ჩემპიონატიდან მოკვეთეს. ამ დღის შემდეგ ველოდებით სამართლიანობის აღდგენას და გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი კლუბი უმაღლეს ლიგაში დააბრუნონ. დაგიდასტურებთ, რომ ამ საკითხზე სფფ-სთან კონსულტაციები მიმდინარეობს. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რა სტადიაში საკითხის განხილვა და რამდენად რეალურია ჩვენი იმედები. მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ეროვნულ ჩემპიონატში “ზესტაფონის” დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებენ”.