პეტერბურგის „ზენიტი“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ დატოვა და იტალიის ნაკრები ჩაიბარა. მისი შემცვლელი კი, დიდი ალბათობით, „უფას“ დამრიგებელი სერგეი სემაკი იქნება.
ინტერნეტგამოცემა sportsdaily.ru წერს, რომ პეტერბურგელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნიჭიერ ახალგაზრდებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რათა მისი წინამორბედების შეცდომები არ გაიმეოროს. ამ კონტექსტში საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივში“ რუსეთის ჩემპიონობამოპოვებული მცველი საბა კვირკველია ახსენეს.
„პეტერბურგის „ზენიტს“ ბოლო წლებში არაერთი საინტერესო მოთამაშე ჰყავდა, რომლებიც ვერ შეინარჩუნა. მაგალითად საბა კვირკველიაც იკმარებს. დიდწილად მისი დამსახურებაა, „ლოკომოტივი“ დასრულებულ სეზონში რუსეთის ჩემპიონი რომ გახდა. ბევრს არ ახსოვს, რომ ქართველი მცველი რუსულ კარიერას ცხრა წლის წინ სწორედ „ზენიტში“ იწყებდა. საბა დუბლებში თამაშობდა და იმედისმომცემი ახალგაზრდა გახლდათ. მაგრამ ის დაიწუნეს და ჩათვალეს, რომ უკეთესები იყვნენ გამოცდილი ბრუნო ალვეში, ფერნანდო მეირე, მოგვიანებით ლუიშ ნეტუც იყიდეს. იმ დროს დასახელებული ფეხბურთელები მართლაც უკეთესი იყვნენ, მაგრამ მომავლის გადასახედიდან ეს სადავო გადაწყვეტილება გახლდათ. ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევისას შეცვლილი ეკონომიკური ფაქტორებიც გაითვალისწინეს. მანჩინის შემცვლელმა გუნდის განვითარება და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა უნდა მოახერხოს“, – წერს sportsdaily.ru.