ქართული ლეგიონი | ქვილითაიამ გუნდს უკაპიტნა - აპოელ-ი ერთპიროვნულად გალიდერდა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | ქვილითაიამ გუნდს უკაპიტნა - აპოელ-ი ერთპიროვნულად გალიდერდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონშიფში აპოელ-მა შინ „ზაკაკიუ“ 3:1 დაამარცხა. გიორგი ქვილითაიამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა. ლაშა დვალი კი ტრავმის შემდეგ ჯერ სასურველ ფორმაში შესვლას ცდილობს. აპოელ-მა 32 ქულა დააგროვა, კონკურენტ „პაფოსს“ (29) გადაასწრო და ერთპიროვნული ლიდერია.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ შინ „სტალს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 2:2. კაკაბაძემ წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებული იყო. ნიკა კვეკვესკირის „ლეხმა“ კი საშინაო შეხვედრა „პიასტთან“ 0:1 წააგო. ქართველი ნახევარმცველი პოზნანელების განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.

გაბრიელ სიგუას დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა, მაგრამ შვეიცარიის სუპერლიგაში „ბაზელს“ „გრასჰოპერსთან“ 0:1 წაგებულ შეხვედრაში ვერ დაეხმარა – 18 წლის ქართველი ნახევარმცველი მცირე ტრავმის გამო ჯერ სათამაშოდ მზად არ იყო.

დანიის თასის მეოთხედფინალში მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია დავით ხოჭოლავას, რომლის „კოპენჰაგენმა“ სტუმრად „სილკებორგი“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ პირველი თამაში 0:2 ჰქონდა წაგებული და გათამაშებას გამოეთიშა.

საუდის არაბეთის პროფლიგაში ​საბა კვირკველია „ალ ახდუდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „ალ ვეჰდასთან“ წაგებულ (0:2) მატჩში, მაგრამ შესვენების შემდეგ შეცვალეს.