ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ოპერატორები სერტიფიცირებას გაივლიან
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ოპერატორები სერტიფიცირებას გაივლიან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესი დაამტკიცა. უწყების ცნობით, რეგულაციის მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების გამოყენებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მგზავრთა უფლებების დაცვა.

ნორმატიული აქტი კრძალავს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირების შედეგად გაცემული სერტიფიკატის (UOC – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი) ფლობის გარეშე. ამასთან, ექსპლუატანტი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექნება სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი) მგზავრისა და მესამე პირის მიმართ.

წესის თანახმად, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისობის შენარჩუნება რეგისტრაციის სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ პირი, რომელიც დანიშნულია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად, ფლობს პილოტის მოქმედ მოწმობას და ოსტატობას შესაბამისი კატეგორიის ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე, აგრეთვე ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს და გავლილი აქვს ყველა შესაბამისი სწავლება. მან უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ექსპლუატაცია განხორციელდეს აეროდრომიდან ან საფრენი მოედნიდან რომლის ფიზიკური მახასიათებლები, დაბრკოლებისაგან შემზღუდავი ზედაპირები და ვიზუალური დამხმარე საშუალებები უზრუნველყოფს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის  უსაფრთხო ექსპლუატაციას.

სერტიფიკატი გაიცემა და მოქმედების ვადა გაგრძელდება 24 თვის ვადით. სერტიფიკატი ძალაშია მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე ან სააგენტოს მიერ მის შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.

წესის მოქმედება არ გავრცელდება ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე, ზემსუბუქ საფრენ აპარატებზე, ასევე ექსპლუატაციაზე, რომელიც მოიცავს ფრენას პირადი მიზნებისთვის, სპორტულ და ფიგურულ (ავიაშოუ) ფრენებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში აღნიშნული საჰაერო ხომალდების რიცხვის ზრდამ და ინდუსტრიის მხრიდან მათი კომერციული დანიშნულებით ექსპლუატაციის ინტერესმა განაპირობა.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი არის საჰაერო ხომალდი არაუმეტეს ორი სავარძლით, არაუმეტეს 600 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით ხმელეთიდან და 650 კგ მაქსიმალური ასაფრენი მასით წყლის ზედაპირიდან ოპერირებისას.